მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
გადაწყვეტილება სასამართლო პროცესზე დღეს მიიღეს.
სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, მათ ერთი წელი და ერთი თვე პატიმრობა, ხოლო ორი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.
შესაბამისად, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპატიმრო დაწესებულებას რამენიმე კვირაში, 5 ნოემბერს დატოვებენ.
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი თავად გამოთქვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
ამასთან, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ორ მსჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას.
გური ჟვანიას სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. ირაკლი ჩხვირკიას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.