იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა
ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო. სტუმრებს იმ უნივერსალური კონცეფციის დეტალები გააცნეს, რომელიც მოქალაქეთა სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით, უზრუნველყოფს.
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჟვანიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სამთავრობო დელეგაციის წევრებს მომსახურების სივრცე დაათვალიერებინეს და ის ტექნოლოგიური სიახლეები წარუდგინეს, რომლებსაც იუსტიციის სახლი ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავს.
იუსტიციის სახლის სტუმრებმა იმ 600-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 127 ფილიალშია ხელმისაწვდომი.
ყურადღება დაეთმო „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტს, რომელიც სახელმწიფო სერვისებს მაღალმთიან დასახლებებსა და რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აწვდის.
ვო თჰი ან სუანმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის რესპუბლიკა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს იწყებს, რაშიც საქართველოს გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამასთან, საუბარი შეეხო შემდგომი კონსულტაციების მიზნით თანამშრომლობის ჯგუფების ჩამოყალიბებასაც.
ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოში მაღალი დონის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.