საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იმყოფება.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ეუთოს, როგორც დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხელშეწყობის ინკლუზიური პლატფორმის, მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

ყურადღება ასევე გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.