ბექა ძამაშვილი - სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას, საქმეში საქართველოს მთავრობა ჩართული იყო მესამე მხარედ

ბექა ძამაშვილი - სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას, საქმეში საქართველოს მთავრობა ჩართული იყო მესამე მხარედ

ეს არის ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო, საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსება და, მეორეს მხრივ, ჩვენი სამხედროების ღირსება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სტრასბურგში მიმდინარე საქმეში, რუსეთ-საქართველოს ომისას რუსეთის სიცოცხლის უფლების დარღვევისა და წამების საქმეში ჩართული იყო მესამე მხარედ.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო სასამართლოებში საქმეების წარმოება, განსაკუთრებით, როდესაც ეს უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აქამდე ყველა დავა მოიგო, როგორც სტრასბურგის ისე ჰააგის სასამართლოში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხებოდა სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ომის დროს აწამეს და ნაწილი წამებით მოკლეს. გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლო დაეყრდნო უკვე სახელმწიფოთაშორის საქმეში დადგენილ დარღვევას, ასევე მითითებული არის ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამ საქმეში საქართველოს მთავრობა ჩართული იყო მესამე მხარედ. კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას.

ეს არის ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო, საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსება და, მეორეს მხრივ, ჩვენი სამხედროების ღირსება“, – განაცხადა ძამაშვილმა.

როგორც ძამაშვილმა აღნიშნა, საქმეზე საქართველოს ხელისუფლებამ ისე წარმართა საქმე, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭებული და წაგებული საქმეები შემოაბრუნა.

„რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზაციას და აგენტებად გამოცხადებას, არ მინდოდა ამ კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც ინდივიდუალური საჩივრით, საქართველოს და ქართველ სამხედროებს, ცხინვალის დაბომბვას აბრალებდა. ამ საქმეზე საქართველოს ხელისუფლებამ ისე წარმართა საქმის წარმოება, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭებული და წაგებული საქმეები შემოაბრუნა და ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ღირსება, ჩვენი მოსახლეობის და სამხედროების ღირსება. ის, რომ ანწუხელიძე, ხუბულური და სოფრომაძე აწამეს – ეს გვქონდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც იმ საქმეში. თუ წაიკითხავთ დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, სასამართლო ამბობს, რომ სახელმწიფომ რაც მოიგო დავა, იქაც მითითებული იყვნენ ეს პირები.

ანწუხელიძის ინტერესიც უნდა დაეცვა და ყველა ქართველის ინტერესი და საქართველოსიც, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის დაბომბვაზე საჩივარი არ უნდა შეეტანა. შრომა იქნებოდა ფუჭი, მათი საჩივარი რომ წაგვეგო, სადაც დადგინდებოდა ცხინვალის დაბომბვა. ანწუხელიძის საქმე უნდა წასულიყო, ყველა უნდა წასულიყო, მთავრობამაც წაიღო და მესამე მხარედაც ჩავერთეთ, მაგრამ არ უნდა წასულიყო ისეთი საქმეები, სადაც ცხინვალის დაბომბვა ბრალდებოდა ქართველ სამხედროებს. ასეთი ორგანიზაციები საჭირო არაა, სადაც საქართველოს ცხინვალის დაბომბვას აბრალებს“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.