ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი და მისი პარტნიორი სუროგატი დედის დახმარებით შვილს ელოდებიან

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი და მისი პარტნიორი სუროგატი დედის დახმარებით შვილს ელოდებიან

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი და მისი პარტნიორი, არგენტინელი ბალახის ჰოკეის მოთამაშე ნიკოლას კინანი, პირველ შვილს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილმა ორშაბათს განაცხადა.

„არ არსებობს საკმარისად დიდი სიტყვები იმისათვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კვერცხუჯრედის დონორს, ჩვენს სუროგატ დედას - ლიზას და მათ ოჯახებს. თქვენ გარეშე არაფერი გამოვიდოდა“, - დაწერეს მათ Instagram-ზე.

იეტენის პარტიამ, „D66“-მა, ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორსულობა შესაძლებელი გახდა მეგობარი წყვილის წყალობით, რომლებსაც უკვე ჰყავთ საკუთარი შვილები.

„სუროგატი დედაც და კვერცხუჯრედის დონორიც ნიდერლანდელები არიან. ეს არ არის კომერციული სუროგაციის შემთხვევა. სუროგატი დედაც და დონორიც იეტენისა და კინანის ნაცნობები არიან. ისინი ბედნიერები არიან, რომ ამ გზით შეუძლიათ დაეხმარონ ორ მომავალ მამას შვილის ყოლის ოცნების ასრულებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

იეტენმა და კინანმა დანიშვნის შესახებ 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადეს.

იეტენი დაიბადა ვეგელში, სამხრეთ ნიდერლანდებში, 1987 წელს და გაიზარდა იუდენში. მან სწავლა ნეიმეგენის მენეჯმენტის სკოლაში გააგრძელა, რის შემდეგაც კარიერა კომპანია ProRail-ში დაიწყო, რომელიც ნიდერლანდების რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი.

ის 2017 წელს „D66“-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი გახდა, მოგვიანებით კი კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის მინისტრად მუშაობდა ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს მთავრობაში, რომელიც ამჟამად ნატოს გენერალური მდივანია.