BBC: სამხრეთ კორეა უკრაინას „დამატებითი ზომებით“ ემუქრება, თუ კიევი ჩრდილოეთკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს არ მოიხდის
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა უკრაინა გააფრთხილა, რომ სეულმა შესაძლოა „დამატებითი ზომები“ მიიღოს, თუ კიევი საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეს სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული ინფორმაცია გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა, რასაც სეულის უკმაყოფილება მოჰყვა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ორი სამხედრო ტყვეს გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ხუთშაბათს მომხდარს „დიპლომატიური გაუგებრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ კიევი ვითარების მოგვარებაზე მუშაობს.
ლი ჩჟე მენმა ეს შეფასება უარყო და სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საკითხი „კორეელი ხალხისა და ერის ღირსებას“ ეხება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ კვირას სწორედ უკრაინამ მოითხოვა, რომ ორი სამხედრო ტყვეს სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ დარჩენილიყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ოჯახების დაცვა დასახელდა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ კიევს სურდა თავიდან აერიდებინა კრიტიკა იმის გამო, რომ მან უარი თქვა ამ სამხედროების უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვლის შესაძლებლობაზე.
ზელენსკის ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის გადაყვანის კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, რამაც დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.
ზელენსკის განცხადების შემდეგ ლი ჩჟე მენი საკუთარ ქვეყანაში მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. სამხრეთ კორეის ოპოზიციამ პრეზიდენტი ფხენიანის დასაკმაყოფილებლად სამხედროების გადაყვანის დამალვაში დაადანაშაულა.
ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმ ათასობით ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს შორის იყო, რომლებიც რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. მათ ადგილობრივ მედიასთან ადრე განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეაში გაგზავნა სურდათ.
ანდრეი სიბიგამ ხუთშაბათს უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედოვნებს, საკითხი „უახლოეს მომავალში“ მოგვარდება.
„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის სამხრეთ კორეა მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ დინამიკის შენარჩუნებას, თანამშრომლობის გაგრძელებას და კონკრეტული შედეგების მიღებას, რომელსაც ერთად ნამდვილად ვაღწევთ“, - განაცხადა სიბიგამ.
ლი ჩჟე მენმა საპასუხოდ კიევი „კორეის ნახევარკუნძულზე ომის გადატანის მცდელობაში“ დაადანაშაულა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ შეთანხმების ფაქტების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისინი საუბრობენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე“, - დაწერა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა X-ზე.