Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს

Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს

ნატოს წევრი ქვეყნები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბრის დასაწყისის ნაცვლად, თვის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისისთვის მიიღებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე ძალისხმევას ააქტიურებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების გადადების მოლოდინს ბოლო კვირებში აშშ-სა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაც განაპირობებს. ამასთან, ვაშინგტონი დადებითად აფასებს ალიანსის წევრი ქვეყნების ინიციატივას თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ და ევროპაში არსებულ სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში საკუთარი სამხედრო ძალის პროეცირებისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, მოკავშირე ქვეყნებს თავდაპირველად აშშ-ის გადაწყვეტილება დეკემბრის დასაწყისში უნდა მიეღოთ, თუმცა ახლა ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონი საკითხის გადაწყვეტას თვის ბოლომდე ან ახალი წლის შემდეგ გადადებს. პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ უწყებას ამ ეტაპზე გამოსაცხადებელი არაფერი აქვს და სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

ნატოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილების შესაძლო გადადებას კიდევ ერთ დადებით სიგნალად აღიქვამენ. მანამდე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ვაშინგტონი ევროპაში სამხედრო კონტინგენტის მკვეთრად შემცირების შესახებ გაკეთებულ მუქარას შესაძლოა აღარ მიჰყვეს.

როგორც სააგენტო იუწყება, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მოკავშირეები მიმდინარე წლის დასაწყისში გააოცა, როდესაც ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის შესახებ გამოაცხადა. ზოგიერთ ოფიციალურ პირს ჰქონდა შიში, რომ დონალდ ტრამპი კონტინენტიდან 25 000 ამერიკელ სამხედროს გაიყვანდა. ეს ევროპაში ამჟამად დისლოცირებული დაახლოებით 80 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მეოთხედზე მეტია.

თუმცა, როგორც Bloomberg-ი მანამდე წერდა, მოკავშირეები ახლა ვარაუდობენ, რომ შემცირება დაახლოებით 5 000 სამხედროს შეეხება.