Reuters: საბერძნეთში ათასობით ადამიანი გაიფიცა - პროტესტმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, დემონსტრანტები ხელფასების გაზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ
საბერძნეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. საჯარო სექტორის თანამშრომლებმა და კერძო სექტორის რამდენიმე პროფკავშირმა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა გამართეს, იუწყება Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. გაფიცვამ ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.
აქციების გამო შეჩერდა კუნძულების მიმართულებით საბორნე მიმოსვლა, ასევე დილის ადრეულ და საღამოს საათებში ათენის მეტროს მუშაობა. გაფიცვას შეუერთდნენ მეზღვაურები, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სფეროების თანამშრომლები. რამდენიმე რეგიონულ აეროპორტში ფრენებიც შეჩერდა.
გაფიცვა საბერძნეთის უმსხვილესმა საჯარო სექტორის პროფკავშირმა ADEDY-მ მოაწყო. მონაწილეები მოითხოვდნენ სახელმწიფო ვალის კრიზისის პერიოდში გაუქმებული ყოველწლიური დანამატების აღდგენასა და ჯანდაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსების გაზრდას.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათენში გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაში დაახლოებით 15 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის სკოლის მასწავლებლები, საავადმყოფოების ექიმები და სტუდენტები. აქციის მონაწილეებს ბანერები ჰქონდათ წარწერით: „საკმარისია! ხელფასების გაზრდას ვითხოვთ!“ ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.
Reuters-ის ცნობით, ბოლო კვირებში საბერძნეთში ეს უკვე მესამე მასშტაბური გაფიცვაა. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი ეხმიანება ევროპაში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო ტალღას, რომლის მონაწილეებიც სკოლებში არასათანადო პირობებს, საცხოვრებლის გაძვირებასა და ცხოვრების დონის გაუარესებას აპროტესტებენ.
საბერძნეთი ევროზონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყანაა. გასული ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით 280 მილიარდი ევროს ოდენობის საერთაშორისო ფინანსური დახმარების შემდეგ, ქვეყანამ მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლო, წერს სააგენტო.



