Bloomberg: ნატო 2027 წლის სამიტის გადადებას განიხილავს, რათა ტრამპთან დაძაბულობა თავიდან აიცილოს

Bloomberg: ნატო 2027 წლის სამიტის გადადებას განიხილავს, რათა ტრამპთან დაძაბულობა თავიდან აიცილოს

ნატო განიხილავს შესაძლებლობას უარი თქვას 2027 წელს ყოველწლიური სამიტის ჩატარებაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სამიტის არგამართვის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც სააგენტო წერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლო დაძაბულობის შემცირებაა, ასევე ის, რომ ყურადღება არ გამახვილდეს მასპინძელ ქვეყანაზე, რომელიც ალიანსში თავდაცვაზე ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ყოველწლიური სამიტების პრაქტიკის გადახედვის საკითხი მიმდინარე კვირას ანკარაში ნატოს ლიდერების შეხვედრის პარალელურად გააქტიურდა. ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის დედაქალაქში მხოლოდ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თბილი ურთიერთობის გამო ჩავიდა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სამხედრო ალიანსი და ეჭვქვეშ დააყენა მისი მნიშვნელობა.

გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპის მხრიდან ნატოს მიმართ მუდმივმა კრიტიკამ გააჩინა მოსაზრება, რომ მომავალი წლის სამიტი, რომელიც ალბანეთში უნდა გაიმართოს, შესაძლოა გადაიდოს, რათა პრეზიდენტს მოკავშირეების საჯაროდ გაკრიტიკების კიდევ ერთი პლატფორმა არ მიეცეს.

Bloomberg-ი წერს, რომ ალბანეთი ნატოს იმ წევრებს შორისაა, რომლებიც თავდაცვაზე შედარებით მცირე რესურსს ხარჯავენ. ქვეყანამ მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეასრულა ალიანსის ხანგრძლივი ვალდებულება და თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ის გამოყოფა დაიწყო.

წყაროების ინფორმაციით, ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს სურს ყოველწლიური სამიტების ტრადიციის შენარჩუნება, რათა ალიანსი საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრში დარჩეს. ამ მიზნით, იგი ტრამპზე გავლენის მოხდენას მოკავშირეების მიერ თავდაცვითი ხარჯების ზრდაზე აქცენტირებით ცდილობს.

თუმცა, Bloomberg-ის შეფასებით, ჯერ არ ჩანს, რამდენად შედეგიანია ეს სტრატეგია. გამოცემის ცნობით, ანკარის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში, რომელსაც ლიდერები დღეს დაამტკიცებენ, მომდევნო სამიტზე საერთოდ არ იქნება საუბარი.

„სამიტი ალბანეთში გაიმართება, თუმცა ეს მომავალ წელს იქნება თუ ერთი წლის შემდეგ, ამ საკითხის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განუცხადა Bloomberg-ს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯუზეპე კავო დრაგონემ.