CNN: სასამართლომ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლის სასარგებლოდ 5 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაავალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ტრამპმა კეროლი სექსუალურად შეურაცხყო და მას ცილი დასწამა.
ფედერალური მოსამართლის ლუის კაპლანის გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ტრამპმა მას სთხოვა კეროლისთვის თანხა არ გადაერიცხა მანამ, სანამ უზენაესი სასამართლო არ გადაწყვეტდა, განიხილავდა თუ არა ხელახლა მის შუამდგომლობას, რომლითაც ის ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ცდილობს.
ჯინ კეროლისა და დონალდ ტრამპის სასამართლო დავა თითქმის შვიდი წელია გრძელდება. კეროლი აცხადებს, რომ 1996 წელს ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა. ტრამპი ბრალდებებს თავიდანვე კატეგორიულად უარყოფდა.