ComCom-მა ტელეკომ ოპერატორებს კომპლექსური კვლევის პირველადი შედეგები გააცნო

ComCom-მა ტელეკომ ოპერატორებს კომპლექსური კვლევის პირველადი შედეგები გააცნო

კომუნიკაციების კომისიამ და კომპლექსური კვლევის ექსპერტებმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში ერთ-ერთი ბაზრის კვლევის წინასწარი შედეგები გააცნეს.

შეხვედრაზე განხილული იყო კვლევის ძირითადი შედეგები, რომელთა მიხედვითაც, იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზარი ეფექტიანად კონკურენტული არ არის. აღნიშნული მომსახურებებით ძირითადად სარგებლობენ ბიზნესკომპანიები და საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც გამოყოფილი არხებით მაღალი ხარისხისა და საიმედოობის ინტერნეტკავშირი ესაჭიროებათ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ კავშირის მომსახურებებზე დაშვების საბითუმო ბაზარიც, კერძოდ, გამოყოფილი არხების ტერმინაციის სეგმენტი, რომელიც ქსელის კვანძიდან საბოლოო მომხმარებლის ობიექტამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავს.

სამუშაო შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, დეტალურად გაცნობოდნენ მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს. შეხვედრის შემდეგ კვლევის პირველადი დოკუმენტი ავტორიზებულ პირებს მოსაზრებების წარმოსადგენად გაეგზავნებათ, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდება საჯარო კონსულტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც, ყველა დაინტერესებულ მხარეს საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ექნება. მიღებული უკუკავშირის განხილვის შემდეგ კომუნიკაციების კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა 2022 წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო. კვლევის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი 2025 წელს დაიწყო. მეორე ეტაპის ფარგლებში კომისია იკვლევს იურიდიული პირი აბონენტებისთვის არასტანდარტული პირობებით შეთავაზებული ინტერნეტმომსახურების საცალო და შესაბამისი საბითუმო - ფიქსირებულ ლოკაციაზე მაღალი ხარისხის მომსახურებებზე დაშვების ბაზრებს. სწორედ აღნიშნული ბაზრის კვლევის შედეგად მომზადებული პირველადი დოკუმენტი წარედგინათ ოპერატორებს სამუშაო შეხვედრაზე. მეორე ეტაპის ფარგლებში კომისია, ასევე, იკვლევს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების საბითუმო ბაზარს, IP ტრანზიტის საბითუმო ბაზარს (მათ შორის გლობალურ ინტერნეტ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზარი) და ასევე, გამოყოფილი არხების მაგისტრალური და ე.წ. Backhaul მონაკვეთების ბაზარს.

კომპლექსური კვლევა ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებსა და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. მისი მიზანია ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის განვითარება, ახალი მოთამაშეებისთვის შესვლის ბარიერების შემცირება, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდა და საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.