Euronews: „პოლიტიკური თეატრი“ და უთანხმოება - ევროკავშირის ლიდერებმა მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად სპეციალურად მოწვეული სამიტი უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, წევრი ქვეყნების ლიდერებმა პოზიციების დათმობაზე უარი თქვეს, ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნები წარმოადგინეს და ეჭვქვეშ დააყენეს, რამდენად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა დეკემბრამდე.
სამიტი დაძაბულობის, ურთიერთბრალდებებისა და ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა. შექმნილმა ვითარებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას ხელმძღვანელობის საკითხიც გაამწვავა. მისი პოლიტიკური ავტორიტეტი ახლა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას.
კოშტას მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ პროექტში ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი მიმდინარე ფასებში 1,78 ტრილიონი ევროა. ეს თავდაპირველ პროექტთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. თუმცა შეთავაზებას ყველა მხრიდან მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა.
„ეს შეხვედრა მოლაპარაკებების პროცესში აუცილებელი ნაბიჯი იყო. ეს მოლაპარაკებებია. ბუნებრივია, რომ მხარეები საკუთარ საწყის პოზიციებს აფიქსირებენ. ყველამ იცის, რომ ევროპა არ უნდა დამარცხდეს და 2028 წლის 1 იანვრიდან ახალი ბიუჯეტი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა კოშტამ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სამიტის დაწყებამდე ლიდერების პოზიციები კომპრომისის მიღწევის მცირე იმედს ტოვებდა. ისინი საკუთარ პოლიტიკურ ჯგუფებში იკრიბებოდნენ და უკვე ცნობილ მოთხოვნებს იმეორებდნენ.
ერთ მხარეს შვიდი ე.წ. ეკონომიური ქვეყანა იყო, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტის შემცირებას მოითხოვენ, მეორე მხარეს კი 17 ქვეყანა, ე.წ. „კოჰეზიის მეგობრები“, რომლებიც დაფინანსების შემდგომ შემცირებას ეწინააღმდეგებიან.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ შეთანხმება „სინათლის წლებივით შორსაა“.
მელონიმ ასევე ეჭვქვეშ დააყენა კოშტას მიზანი, შეთანხმება წლის ბოლომდე მიიღწეს, რათა მოლაპარაკებები 2027 წლის საარჩევნო პროცესში არ გადაიზარდოს.
„ჩემთვის ვადები არ არის მთავარი. მე კონკრეტული პირობები მაქვს. როდესაც შეთანხმება იტალიისთვის მისაღები და სამართლიანი იქნება, მას ხელს მოვაწერ“, - განაცხადა მელონიმ.
კომპრომისის მისაღწევად არ ჩქარობდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენიც, რომელიც ბიუჯეტის შემცირების მომხრე ქვეყნების ჯგუფს წარმოადგენს.
„აჩქარების საჭიროება არ არსებობს. ჩემთვის არანაირი ვადა არ არსებობს“, - აღნიშნა მან.



