Euronews: ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება
Euronews-ის ინფორმაციით, პაბლო ერნანდეს დე კოსი პირველი ესპანელი იქნება, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
ის ესპანეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში კარგად ცნობილი ფიგურაა. მანამდე, 2018 - 2024 წლებში ერნანდეს დე კოსი ესპანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იყო.
მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპები ხშირად ესპანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხ მოვლენებს ემთხვევა. 55 წლის ეკონომისტი ესპანეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მარიანო რახოის მთავრობამ 2018 წლის 28 მაისს წარადგინა. ეს რახოის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო, წერს Euronews-ი.
როგორც Euronews-ი იუწყება, ევროპის ცენტრალური ბანკის მომავალი ხელმძღვანელი ამ ინსტიტუტის საქმიანობაც კარგად იცნობს. ის მმართველი საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2019-2024 წლებში ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტსა და ევროპის სისტემური რისკების საბჭოს საკონსულტაციო ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ორგანიზაციის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს პოსტს დატოვებს.



