Financial Times: ესტონეთს „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავს

Financial Times: ესტონეთს „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავს

ესტონეთი რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისთვის ემზადება, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავს და ყიდულობს შეიარაღებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმების მიყენება შეუძლია, - წერს Financial Times-ი.

„აქტიური თავდაცვის“ ახალი სტრატეგიის ფარგლებში გაფართოვდა რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარე ბაზა Jõhvi. იქ გადაიყვანეს პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბი ესტონეთის მთავარი სამხედრო ბაზიდან, რომელიც ქალაქ ტაპაში მდებარეობს (რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრში).

გარდა ამისა, ნარვაში შენდება ახალი სამხედრო ბაზა, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. სავარაუდოდ, 200 სამხედრო იქ მუდმივ საფუძველზე განთავსდება, კიდევ 800 ადამიანის მიღებას ბაზა საზღვარზე კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში შეძლებს.

ესტონელი სამხედროები არ გამორიცხავენ პროვოკაციებს, რომელთა მიზანიც NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მუხლის ეფექტიანობის შემოწმება იქნება.

FT წერს, რომ სამხედროებისა და სპეცსამსახურების ვარაუდით, რუსეთი არ არის მზად NATO-სთან სრულმასშტაბიანი ომისთვის, სულ მცირე, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა აპირებენ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ „შეჭრის შესახებ აზრიც კი არავის გაუჩნდეს“. „ჩვენი მიზანი ნათელია - მტერი და ომის ნგრევა ესტონეთის ტერიტორიისგან შორს დავიჭიროთ“, - განაცხადეს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში.