FT: ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის გარეშე გაიმართება
ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში დაგეგმილი დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის გარეშე ჩაივლის, - წერს Financial Times-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს „უჩვეულო ნაბიჯია“, ვინაიდან სი ძინპინი, როგორც წესი, უცხოელ ლიდერებთან შეხვედრების მკაცრ რეგლამენტს ითხოვს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, 19 ნოემბერს დანიშნულ მოლაპარაკებებზე ტრამპი ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხების წამოჭრას გეგმავს, თუმცა „შეთანხმების მიღწევას არ ელის“ და სურს, მხოლოდ დისკუსია დაიწყოს სამ უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის.
„ეს ჩინეთისთვის რთული თემაა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ დროა, ჩინეთმა, ასე ვთქვათ, უფროსების მაგიდასთან დაიკავოს ადგილი“, - განაცხადა მან.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე სი ძინპინს სურს ხაზი გაუსვას თავის განსაკუთრებულ ურთიერთობებს ტრამპთან და პუტინთან, თუმცა ცდილობს თავიდან აიცილოს შედარებები 1945 წლის იალტის კონფერენციასთან, რომელზეც ჩინეთი არ მიიწვიეს, მიუხედავად მეორე მსოფლიო ომში იაპონიასთან ბრძოლაში მისი მნიშვნელოვანი როლისა.



