ორგანიზაცია Gallup-ის კვლევის მიხედვით, უკრაინელთა 66% მიიჩნევს, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს

ორგანიზაცია Gallup-ის კვლევის მიხედვით, უკრაინელთა 66% მიიჩნევს, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს

უკრაინელთა უმრავლესობა, ომის გაგრძელების ნაცვლად, მოლაპარაკებების გზით მის შეწყვეტას ემხრობა, – ამის შესახებ ორგანიზაცია Gallup-ის კვლევაშია ასახული.

კვლევის მიხედვით, აპრილში გამოკითხულ უკრაინელთა 24% ფიქრობს, რომ უკრაინამ გამარჯვებამდე უნდა განაგრძოს ბრძოლა, ხოლო 66%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანამ, რაც შეიძლება მალე უნდა ეცადოს, ომი მოლაპარაკებების გზით შეწყვიტოს.

გამოკითხვის თანახმად, ეს მაჩვენებლები დაახლოებით 2025 წლის მონაცემების იდენტურია და წარმოადგენს თითქმის სრულად საპირისპირო სურათს 2022 წლის მდგომარეობასთან შედარებით – კონფლიქტის დაწყების პირველ თვეებში გამოკითხულთა 73% ბრძოლის გაგრძელებას უჭერდა მხარს, ხოლო 22% სწრაფ მოლაპარაკებებს.

კვლევა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მაღალია მოლაპარაკებების მხარდაჭერა უკრაინის აღმოსავლეთით. იქ გამოკითხულთა 63% ომის სწრაფ დასრულებას უჭერს მხარს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, უკრაინელთა უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს პერსპექტივას, რომ საბრძოლო მოქმედებები უახლოეს მომავალში დასრულდება. გამოკითხულთა 5%-ს მიაჩნია, რომ ეს „ძალიან სავარაუდოა“, 18% ფიქრობს, რომ „გარკვეულწილად სავარაუდოდ“, როცა 36% თვლის, რომ ეს „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“ და 34% ფიქრობს, რომ „გარკვეულწილად ნაკლებად სავარაუდო“.

Gallup-ის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ უკრაინელთა შორის აშშ-ის ხელმძღვანელობის მიმართ ნდობა კვლავ იკლებს. გამოკითხულთა 7% აღნიშნავს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა მოსწონს, ხოლო 79% უარყოფითად აფასებს მას. მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით, უკრაინაში აშშ-ის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 59 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, არცერთ სხვა ქვეყანას აშშ-ის მიმართ დამოკიდებულების ასეთი მკვეთრი ვარდნა არცერთ ხუთწლიან პერიოდში არ დაუფიქსირებია.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ უკრაინელთა 30%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა მომდევნო ათწლეულში ნატო-ს წევრი გახდება. მაჩვენებელი გასული წლის მონაცემების (32%) თანაბარია. თითქმის ნახევარი (49%) თვლის, რომ უკრაინა მომდევნო ათწლეულში ევროკავშირის წევრი გახდება.