ეროვნულმა არქივმა პრაღაში გამართულ ICARUS-ის 37-ე ყრილობაზე ქართული გამოცდილება წარადგინა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ქალაქ პრაღაში გამართულ საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 37-ე ყრილობასა და საერთაშორისო კონფერენციას „დიგიტალიზაცია - ტრანსფორმაცია – ინსპირაცია“ დაესწრო. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
კონფერენციაზე ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძემ მიწის სისტემურ რეგისტრაციის ფარგლებში საარქივო დოკუმენტების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. პრეზენტაცია შეეხებოდა 2022–2025 წლებში საქართველოში განხორციელებული მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენებას, მათ მასშტაბურ დამუშავებას, გაციფრულებასა და სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციას.
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გიორგი სოფრომაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის – „ფართომასშტაბიანი დიგიტალიზაცია: საჭირო რესურსები და ინფრასტრუქტურა“ – მუშაობაში; ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სოფიო ჯობავამ კი მრგვალი მაგიდის – „კოლექციებიდან კომუნიკაციამდე: როგორ მივაწოდოთ დიგიტალური მემკვიდრეობა საზოგადოებას არატრადიციული საარქივო მეთოდებით“ – მონაწილეებს საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო ინიციატივები და კინომემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გაუზიარა.
ყრილობა და კონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მკვლევრები და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტები მონაწილეობდნენ, საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS), DTI ალიანსისა და ჩეხეთის ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა.



