Le Figaro: მარსელში ბულგარელ გულშემატკივრებზე თავდასხმა - მაკრონი ძალადობას მკაცრად გმობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მარსელში, „ველოდრომის“ სტადიონზე ბულგარელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე განხორციელებული ძალადობა „უმკაცრესად“ დაგმო. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად, „ლევსკი სოფიას“ დაახლოებით 12 გულშემატკივარი დაშავდა. დაპირისპირება „მარსელსა“ და ბულგარულ კლუბს შორის ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე მოხდა. შეხვედრა ფრანგული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
საფრანგეთის ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ თვალისა და თავის არეში ტრავმები აღენიშნებოდათ. კიდევ ექვს ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. პრეფექტურის ცნობით, ამ დროისთვის დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ არის.
ინციდენტს ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვაც გამოეხმაურა. მან მარსელში მომხდარი ძალადობის ამსახველ კადრებს „შემზარავი“, თავად თავდასხმას კი „მიუღებელი“ უწოდა. იოტოვამ საფრანგეთის ხელისუფლებას მომხდარის გარემოებების სრულად გამოძიებისა და დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისკენ მოუწოდა. მან ასევე მოითხოვა, უეფამ შეისწავლოს, რამდენად იყო დაცული ბულგარელი გულშემატკივრების უსაფრთხოება სტადიონზე.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მკაცრად დაგმო მარსელში ქვეყნის მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმები. სააგენტო BGNES-ის ცნობით, ვითარებას ადგილზე ბულგარეთის გენერალური კონსული ლიონში და საპატიო კონსული მარსელში აკვირდებიან.
მაკრონმა ძალადობა ხუთშაბათს საღამოს დაგმო. ელისეს სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, რომელთანაც ბრიუსელში, ევროპული სამიტის ფარგლებში ისაუბრა, განუცხადა, რომ მომხდარი დაუსჯელი არ დარჩება. მაკრონის შეფასებით, მსგავსი ძალადობა არც სპორტში და არც საზოგადოებრივ სივრცეშია მისაღები.



