„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური სერვისი - „გონიერი კონტრაქტი“. ინფორმაციას ციფრული მმართველობის სააგენტო ავრცელებს.
„გონიერი კონტრაქტი“ ახალი, ინოვაციური ციფრული სერვისია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უძრავი ქონების ნასყიდობისა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას სრულად დისტანციურად შეძლებენ.
მხარეები წინასწარ ჯავშნიან ვირტუალურ შეხვედრას, ვიდეოზარით აფიქსირებენ საკუთარ თანხმობას, ხელს აწერენ ხელშეკრულებას ელექტრონულად, ხოლო გარიგების თანხის გადარიცხვა დაცული მექანიზმით მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემდეგ ხდება.
აღსანიშნავია, რომ „გონიერი კონტრაქტი“ პირველი ციფრული სერვისია, რომლის საშუალებითაც უძრავი ქონების შეძენა და ინდმეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ ხორციელდება. მომსახურება ქართული ინოვაციაა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
„გონიერი კონტრაქტის“ my.gov.ge-ზე ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრისა და მომხმარებლისთვის მათი მიღების პროცესის გამარტივების მიმართულებით.