POLITICO: ევროკავშირში შიშობენ, რომ საფრანგეთში ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში ბლოკში თავდაცვის საკითხებზე კომუნიკაცია გართულდება
პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი კვლავ იყრის კენჭს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე, რითაც ბოლო მოუღო ბრიუსელში ზოგი პოლიტიკოსისა და ოფიციალური პირის ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ შესაძლოა, მას ადგილი უფრო ახალგაზრდა და პოტენციურად უფრო მისაღები მემკვიდრისთვის დაეთმო. სტატიას ამ შინაარსით POLTICO ავრცელებს.
ევროპარლამენტარები, ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ როგორც ლე პენის, ისე ჟორდან ბარდელას გამარჯვებას ევროკავშირისთვის სერიოზული შედეგები ექნება. თუმცა, რამდენიმე მათგანმა პირად და საჯარო საუბრებში 30 წლის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი უფრო პრაგმატულ და ნაკლებად იდეოლოგიურ ფიგურად შეაფასა, ვიდრე ლე პენი, რამაც ბრიუსელში გააჩინა იმედი, რომ მასთან თანამშრომლობა შედარებით მარტივი იქნებოდა.
POLITICO-ს ცნობით, ლე პენმა გუშინ საღამოს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მეოთხედ იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს მას ერთი წლით შინაპატიმრობა და ელექტრონული სამაჯურის ტარება მიუსაჯეს.
ლე პენის განცხადებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ბრიუსელში - ქალაქში, რომელსაც „ეროვნული გაერთიანების“ პოლიტიკოსები ხშირად აკრიტიკებენ. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები და კანონმდებლები უკვე თვეებია განიხილავენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ლე პენის ან ბარდელას პრეზიდენტობას.
ევროკავშირი ემზადება მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ რთული მოლაპარაკებებისთვის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს. ამ ფონზე ბევრი შიშობს, რომ ლე პენის პრეზიდენტობამ, შესაძლოა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს შორის საერთო პოზიციის მიღწევა მნიშვნელოვნად გაართულოს.
„ჩვენ გვაშფოთებს უკიდურესი მემარჯვენეობის საფრთხე, ევროპელი მოქალაქეების უფლებებზე თავდასხმა და ის პოლიტიკა, რომელიც ამ მოქალაქეებს აზიანებს. ჩვენ ვიბრძოლებთ, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელები და გვარები ექნებათ მათ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „სოციალისტებისა და დემოკრატების“ ჯგუფის ლიდერმა ირაჩე გარსია პერესმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.