Radio France Internationale: 7 ივლისიდან ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაცია მძღოლის მონიტორინგის კამერის გარეშე შეუძლებელი გახდა - კრიტიკოსები ევროპელ კანონმდებლებს პირადი თავისუფლებების ხელყოფასა და „თვალთვალის კამერების“ დანერგვის გამო აკრიტიკებენ, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გარკვეულ რისკებს აჩენს
2026 წლის 7 ივლისიდან ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაცია მძღოლის მონიტორინგის კამერის გარეშე შეუძლებელი გახდა, - წერს ფრანგული მედიასაშუალება Radio France Internationale (RFI).
საჭესთან ან საჭის სვეტზე განთავსებული პატარა ობიექტივი აკონტროლებს მზერის მიმართულებას და მძღოლს აფრთხილებს, თუ იგი გზას ხანგრძლივად წყვეტს თვალს.
ევროკომისიის პროგნოზით, უსაფრთხოების ეს ზომა 2038 წლისთვის 25 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და 140 000-ზე მეტი მძიმე დაზიანების რისკს შეამცირებს.
ინიციატივის კრიტიკოსები ევროპელ კანონმდებლებს პირადი თავისუფლებების ხელყოფასა და „თვალთვალის კამერების“ დანერგვის გამო აკრიტიკებენ, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გარკვეულ რისკებს აჩენს.
გარდა ამისა, ეს ვალდებულება ავტომობილების ფასზეც აისახება - ექსპერტთა შეფასებით, ახალი მოთხოვნის გამო ავტომობილების საბაზისო ღირებულება 400-დან 800 ევრომდე გაიზრდება.
საქმე ახალ კანონს არ ეხება. სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების საერთო რეგლამენტი (GSR 2) ჯერ კიდევ 2019 წელს იყო მიღებული და იგი 2022 წლიდან ეტაპობრივად შედის ძალაში. 2026 წლის ივლისის ცვლილებები მოთხოვნების მესამე და დასკვნითი ბლოკის ამოქმედებას ნიშნავს. ეს უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს არ შეეხება და მათ დამატებით აღჭურვას არ საჭიროებს.
ამ ეტაპის მთავარი სიახლე მძღოლის ყურადღების მონიტორინგის სისტემაა -ADDW (Advanced Driver Distraction Warning). სალონში დამონტაჟებული კამერა აანალიზებს მზერის მიმართულებას. მძღოლის ყურადღების გაფანტვის შემთხვევაში, სისტემა გასცემს სიგნალს: 20 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარისას - 6 წამში, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტის დროს - 3.5 წამში. მძღოლს გაფრთხილება ეკრანზე გამოუჩნდება, რასაც ხმოვანი სიგნალი ან ვიბრაცია დაემატება.
მეორე სიახლე ავტომატური დამუხრუჭების სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს. მას უკვე არა მხოლოდ სხვა ავტომობილების, არამედ ქვეითებისა და ველოსიპედისტების ამოცნობაც მოეთხოვება. მძღოლს ორივე სისტემის გამორთვა ყოველი მგზავრობის დაწყებისას შეუძლია, თუმცა ძრავის ჩართვისთანავე ის კვლავ ავტომატურად აქტიურდება. სისტემების მუდმივად გამორთვა კანონით დაუშვებელია.
მძღოლის ყურადღების მონიტორინგის სისტემასთან (ADDW) დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები ცალკე დოკუმენტით არის რეგულირებული. სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს ბიომეტრიული მონაცემების, მათ შორის სახის ამოცნობის ფუნქციის გარეშე. კამერამ მხოლოდ მზერის მიმართულება უნდა დააფიქსიროს და არ უნდა ახდენდეს საჭესთან მჯდომი პირის იდენტიფიცირებას. მონაცემთა დამუშავება უნდა განხორციელდეს დახურულ ციკლში, ლოკალურად - მოწყობილობის ფარგლებში, ხოლო მათი მესამე პირებისთვის გადაცემა კატეგორიულად აკრძალულია.
მიუხედავად ოფიციალური გარანტიებისა, ფრანგული და ევროპული სპეციალიზებული გამოცემები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ რისკებზე მაინც საუბრობენ. ჟურნალი AutoMoto აღნიშნავს: „ეს, რასაკვირველია, კითხვებს ბადებს, რადგან მონაცემები, ასე თუ ისე, შეინახება და გაურკვეველია, სად კონკრეტულად. საზოგადოებრივი თვალთვალის საფრთხე კვლავაც საკმაოდ რეალურია“.
Renault-ს საშუალო და მაღალი კლასის ავტომობილებში კამერები მძღოლს „ამოიცნობს“ და ინტერფეისს ინდივიდუალურად მოარგებს - დაწყებული საყვარელი მუსიკითა და რადიოსადგურებით, დასრულებული სავარძლისა და სარკეების პოზიციებით. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მონაცემები სერვერზე არ გადაიგზავნება და ექსკლუზიურად ავტომობილის კომპიუტერულ სისტემაში შეინახება.