Rapporteur: ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე ჯგუფის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა - საქმე 4,3 მილიონ ევროზე მეტის შესაძლო მითვისებას ეხება
ევროპარლამენტში პოლიციამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების „პატრიოტები ევროპისთვის“ თანამშრომლების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას Rapporteur-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, გამოძიება ეხება 2019-2024 წლებში ყოფილი ულტრამემარჯვენე ჯგუფის, „იდენტობა და დემოკრატიის“ მიერ 4,3 მილიონ ევროზე მეტი თანხის შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას.
„იდენტობა და დემოკრატია“ იტალიური პარტიის, „ლეგას“ ხელმძღვანელობით მოქმედებდა და 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიშალა. ამის შემდეგ საფრანგეთის პარტიამ „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ახალი პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტები ევროპისთვის“ ჩამოაყალიბა. მას სხვა პარტიებთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და ანდრეი ბაბიშის ჩეხური პარტია ANO შეუერთდნენ.
ფინანსური დარღვევების შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც „იდენტობა და დემოკრატიამ“ ანგარიშები დახურა. ევროპარლამენტის შიდა ფინანსურმა სამსახურმა დაადგინა, რომ წინა საპარლამენტო ვადის განმავლობაში ჯგუფმა „არასათანადოდ“ დახარჯა სულ მცირე 4,3 მილიონი ევრო.
გამოძიებას ევროპის პროკურატურა (EPPO) ხელმძღვანელობს, რომელმაც საქმე 2025 წლის ივლისში აღძრა. პროკურატურას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჩხრეკა ჩატარდა ფილიპ კლეისის ოფისშიც. ის „იდენტობა და დემოკრატიის“ ყოფილი გენერალური მდივანია, ამჟამად კი იმავე თანამდებობას „პატრიოტები ევროპისთვის“ იკავებს. ევროკავშირის ოფიციალური პირის ცნობით, კლეისი ევროპის პროკურატურამ გამოკითხა.
ჩხრეკა ასევე ჩატარდა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში.
საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ევროპარლამენტარმა ჟან-პოლ გარომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჩხრეკა დილიდან მიმდინარეობდა სტრასბურგის ევროპარლამენტშიც. მისი თქმით, სამართალდამცველები ყოფილი ჯგუფის, „იდენტობა და დემოკრატიის“ თანამშრომლების ოფისებს ამოწმებდნენ. ამ ჯგუფში ადრე „ეროვნული გაერთიანებაც“ შედიოდა.
„მაშინ, როდესაც საფრანგეთის ქუჩებში ქაოსია, ხელისუფლების პრიორიტეტი, როგორც ჩანს, ეს არის. არავინ უნდა მოტყუვდეს ამგვარი შევიწროებით“, - დაწერა გარომ.
„ეროვნული გაერთიანების“ ორმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ პოლიციამ მხოლოდ საპარლამენტო თანამშრომლების ოფისები გაჩხრიკა და არა არჩეული ევროპარლამენტარების კაბინეტები.