Rapporteur: ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას, თუ ეს საერთოდ მოხდება, არ ელოდებიან
გამოცემა Rapporteur-ის ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები შესაძლოა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.
ევროკავშირის დიპლომატების განცხადებით, ბრიუსელში უკვე განიხილავენ არა იმას, მოხდება თუ არა ეს, არამედ როდის მოხდება.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს კიევისა და კიშინიოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადები ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
ევროკავშირის ქვეყნებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ორი ახალი კლასტერი გახსნან. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთმა უკრაინის განაცხადზე ვეტო მოხსნა.
თუმცა, ევროკავშირის დიპლომატების თქმით, კულისებში მიდგომა იცვლება და სულ უფრო მეტად განიხილება მოლდოვის განაცხადის უკრაინისგან განცალკევება, წერს გამოცემა.
„არავის, ვინც ამ საკითხს სერიოზულად უყურებს, არ სჯერა, რომ უკრაინა ათწლეულის ბოლომდე ევროკავშირის წევრი გახდება, თუ საერთოდ გახდება. ჩვენ კიევის ცრუ მოლოდინში დატოვება უნდა შევწყვიტოთ“, - განუცხადა Rapporteur-ს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად არსებობს სხვა გზებიც, მათ შორის ნატოში გაწევრიანება და სამხედრო მხარდაჭერა.
მეორე დიპლომატის შეფასებით, მოლდოვისთვის უბრალოდ უსამართლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მოლაპარაკებები რაიმე მიზეზით წინ ვერ წავა.
კიდევ ერთმა დიპლომატმა კი აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, მოლდოვა რუსეთის გავლენის ოპერაციების სამიზნე გახდეს, თუ ევროკავშირი კიშინიოვის გაწევრიანების პროცესში საკმარის პროგრესს ვერ აჩვენებს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მომავალ კვირას ბრიუსელში ჩავიდეს, როდესაც ევროკავშირის ლიდერები გაერთიანების შემდგომი გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ.
ევროკავშირის გაფართოების პროცესში უკრაინისა და მოლდოვის გზების გამიჯვნის საკითხი, სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაზე შეიძლება გახდეს განხილვის ერთ-ერთი თემა.