Reuters: ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა
ჩინეთის ქალაქ შენჟენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრაზე, რომლის დღის წესრიგშიც უკრაინის ომი და ბირთვული შეიარაღების კონტროლი შედიოდა, ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ განსახილველი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქვთ.
მსოფლიოს სამი უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყნის ლიდერები ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჟენში, ვილაში, დიდ მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ და შეხვედრის დასაწყისში სიტყვით გამოვიდნენ.
„ჩვენ ნამდვილად ისტორიას ვქმნით. სამივეს ბევრი რამ გვაქვს განსახილველი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, „არც ერთი მშვიდობა არ დამყარებულა ჩართულობის შესაძლებლობებზე უარის თქმით“.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამ ქვეყანას რეგიონული კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არაერთი საერთო ინტერესი აქვს, მათ შორის, ცხადია, უკრაინის კონფლიქტის საკითხშიც.
სი ძინპინს უკრაინის ომი პირდაპირ არ უხსენებია. მან ყურადღება გაამახვილა დიდი სახელმწიფოების ურთიერთობების გავლენაზე საერთაშორისო ვითარებაზე.
„ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც დიდი სახელმწიფოები ჰარმონიულად თანაარსებობენ, მსოფლიოში მშვიდობაა. როდესაც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მსოფლიო არეულობაში ეშვება“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
სამმხრივ შეხვედრამდე დონალდ ტრამპი სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს ცალ-ცალკე შეხვდა და ორივეს მეგობარი უწოდა.



