Reuters: აშშ-მა SpaceX-ს კოსმოსში მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად მილიონი თანამგზავრის განთავსების ნებართვა მისცა
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს კოსმოსში მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად ერთი მილიონი თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის განთავსების ნებართვა მისცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
SpaceX-მა მიმდინარე წლის დასაწყისში მარეგულირებელს კოსმოსში მილიონამდე გამოთვლითი მოდულის განთავსების ნებართვის მისაღებად მიმართა. კომპანიის გეგმის მიხედვით, თანამგზავრები დიდი მოცულობის მონაცემებს დაამუშავებენ, რომლებიც დედამიწაზე იქნება გამოყენებული.
FCC-ის განცხადებით, SpaceX-ის პროექტი სახელწოდებით „Starmind“ ხელოვნურ ინტელექტზე გათვლილი რესურსების სწრაფად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს.
ლიცენზიის პირობების თანახმად, SpaceX-მა თანამგზავრების განთავსება არაუგვიანეს 2033 წლის ნოემბრისა უნდა დაიწყოს. 2035 წლის ნოემბრამდე კომპანიამ ქსელის მაქსიმალური რაოდენობის, ანუ 100 000 თანამგზავრის 10% უნდა განათავსოს, ხოლო 2038 წლის ნოემბრამდე - მთლიანი რაოდენობის ნახევარი.
FCC-ის განცხადებით, ნებართვის გაცემა SpaceX-ს საშუალებას მისცემს, „განავითაროს ახალი ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსსა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში აშშ-ის ლიდერობას გააძლიერებს“.
მონაცემთა ცენტრები ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის საფუძველია და უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. SpaceX-ის განმარტებით, თანამგზავრები მზის ენერგიას გამოიყენებენ, რაც მათ თითქმის უწყვეტი ენერგომომარაგების საშუალებას მისცემს და ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს შეამცირებს. კომპანიის განცხადებით, ეს ტექნოლოგია კოსმოსურ მონაცემთა ცენტრებს უფრო ენერგოეფექტიანს გახდის და დედამიწაზე განთავსებული მონაცემთა ცენტრების გარემოზე ზემოქმედებასაც შეამცირებს.
ჯერჯერობით უცნობია, განათავსებს თუ არა SpaceX კოსმოსში მართლაც ერთ მილიონ თანამგზავრს. ამჟამად დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 17 000 თანამგზავრია. სატელიტური ოპერატორები ზოგჯერ იმაზე მეტი თანამგზავრის განთავსების ნებართვას ითხოვენ, ვიდრე რეალურად გეგმავენ, რათა პროექტის განხორციელებისას ტექნიკური გადაწყვეტილებების შეცვლის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, წერს Reuters-ი.



