The Telegraph: დიდ ბრიტანეთში ვადაზე ადრე გათავისუფლებული ათობით პატიმარი რამდენიმე კვირაში ხელახლა დააკავეს

The Telegraph: დიდ ბრიტანეთში ვადაზე ადრე გათავისუფლებული ათობით პატიმარი რამდენიმე კვირაში ხელახლა დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ვადაზე ადრე გათავისუფლების პროგრამის ფარგლებში, ციხიდან გამოსული ათობით პატიმარი რამდენიმე კვირაში ხელახლა დააკავეს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელახლა დაკავების შესახებ პოლიციამ განაცხადა მაშინ, როდესაც ქვეყანაში პატიმრების მორიგი ჯგუფის გათავისუფლება იგეგმებოდა.

დიდი მანჩესტერის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რვა მამაკაცი დააკავეს, რომლებმაც მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით ისარგებლეს და ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში კვლავ სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ მოექცნენ.

გასულ კვირას The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია 38 წლის მაიკლ ბოგლის შესახებ, რომელმაც ჩრდილოეთ ლონდონის მაღაზიებში 11 ქურდობა ჩაიდინა. გამოცემის ცნობით, მან ახალი დანაშაულის ჩადენა ციხიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში დაიწყო, კერძოდ Sainsbury’s-ის მაღაზიიდან სარეცხი საშუალება მოიპარა.

ბოგლს 16 ნასამართლობა აქვს, რომლებიც 100-ზე მეტ სავარაუდო სამართალდარღვევას უკავშირდება. ის ორშაბათს დააკავეს, მომდევნო დღეს კი დანაშაული აღიარა და რვათვიანი პატიმრობა მიესაჯა.

მამაკაცი ციხიდან 1 ოქტომბერს გათავისუფლდა. მას 78 დღე ჰქონდა მოხდილი მას შემდეგ, რაც მაღაზიიდან ქურდობისთვის შეფარდებული 32-კვირიანი პირობითი სასჯელის პირობები დაარღვია. ეს მისი მეხუთე პატიმრობა იყო.

გათავისუფლების დღეს ბოგლმა ვადაზე ადრე გათავისუფლების პროგრამას „კარგი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ დაუჭერდა მხარს. მან ასევე თქვა, რომ ციხე „არაფრად ვარგა“ და პრემიერ-მინისტრს ენდი ბერნემს პროგრამის გაგრძელებისკენ მოუწოდა.