„გარდიანი“ – დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი Truth Social-ი თვეში დაახლოებით 100 000 დოლარის სანაცვლოდ მომხმარებლებს აშშ-ის პრეზიდენტის და სხვა გავლენიანი პირების პოსტებზე წინასწარ წვდომას სთავაზობს
დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი Truth Social-ი თვეში დაახლოებით 100 000 დოლარის სანაცვლოდ მომხმარებლებს აშშ-ის პრეზიდენტის და სხვა გავლენიანი პირების პოსტებზე წინასწარ წვდომას სთავაზობს, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
როგორც „გარდიანი წერს“, Trump Media & Technology Group-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი სერვისი, რომელიც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტებზე ადრეულ წვდომას აძლევს. სერვისს Truth API ეწოდება.
„სავაჭრო კომპანიებსა და სხვა მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ, ტრამპის და სხვა გავლენიანი პირების პოსტები ფართო აუდიტორიაზე ადრე ნახონ – თვეში 100 000 დოლარამდე საფასურის გადახდის სანაცვლოდ. მსგავსი ფასიანი მონაცემთა სერვისები სხვა სოციალურ ქსელებშიც არსებობს, თუმცა Truth Social-ის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას ის ფაქტი იწვევს, რომ პლატფორმის ყველაზე გავლენიანი მომხმარებელი თავად ტრამპია. ამასთან, ის ასევე არის კომპანიის მთავარი აქციონერი, რაც ნიშნავს, რომ ახალი სერვისიდან მიღებულმა შემოსავალმა, შესაძლოა, პირადად მასაც მოუტანოს სარგებელი“, – წერს „გარდიანი“.
დონალდ ტრამპი ხშირად იყენებს Truth Social-ს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გასავრცელებლად. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი სერვისი, შესაძლოა, ბაზრის მანიპულაციისა და შიდა ვაჭრობისთვის რისკებს ქმნიდეს. მათი თქმით, ტრამპს წარსულში Truth Social-ზე გამოუქვეყნებია ისეთი განცხადებები, რომლებსაც ფინანსურ ბაზრებზე გავლენა ჰქონია, მათ შორის ტარიფებისა და ირანთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.