ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აშშ-ში, ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show საქართველოს პავილიონი მოეწყო.
გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი დავით ჩარკვიანი ესწრებოდნენ.
„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები წელს უკვე მეათე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. ამჯერად, ქართული პროდუქცია აშშ-შია წარმოდგენილი. გასულ წლებში საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობა კომპანიებისთვის შედეგიანი იყო. წლევანდელი ჩართულობაც ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას“.- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „არომაპროდუქტი“, „კამპა“, „კულა“, „ხონის პლანტაციები“, „ალფაინ სფაისიზ“ წარმოებული ხილის წვენები და სუნელ-სანელებლები.
U.S. Private Label Trade Show მონაწილე კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას საქმიანი კავშირები დაამყარონ აშშ-ისა და კანადის წამყვანი საცალო ქსელების წარმომადგენლებთან, საბითუმო მოვაჭრეებთან და იმპორტიორებთან, წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და განიხილონ კერძო სავაჭრო ნიშნით (Private Label) პროდუქციის წარმოების პერსპექტივები.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



