კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ

კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ

„აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები არასამართლიანი იყო“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, გავრცელებული მასალებით დადასტურდა ის რეალობა, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ.

„პირველ რიგში, დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვამბობდით და გარკვეული ადამიანების ჯგუფებს არ სჯეროდათ. სიუჟეტებს უძღვნიდნენ, გადაცემებს აკეთებდნენ, რომ ეს თითქოს ტყუილი იყო, ჩვენ ვიგონებდით. არა, ეს იყო სამწუხარო რეალობა.

წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციების მხრიდან, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოეწყოთ. არამხოლოდ ამერიკული ორგანიზაციები, ევროპული ორგანიზაციებიც შემჩნეული არიან ამ პროცესში და უშუალოდ ჩართულები იყვნენ საზოგადოების პოლარიზაციაში, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნაში. კონკრეტული ელჩები გამოდიოდნენ და პირდაპირ, თუნდაც განცხადებებით, თუნდაც არდაგმობით ხელს უწყობდნენ იმას, რომ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო იმ ჯგუფს, რომელიც დღეს დამნაშავეა და ციხეში ზის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესები წარმოადგენს დანაშაულს, რომელშიც ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები მონაწილეობდნენ.

„ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან მძიმეა. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ჩადენილი კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, თანამონაწილე იყო ადგილობრივი აგენტურა, რომლის შექმნაშიც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა წლების განმავლობაში. ამ აგენტურის გამოყენებით, ჯერ ხან ჟურნალისტებს იყენებდნენ, ხან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვითომ ექსპერტებს და ა.შ.

ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ განცხადებები, რომელთაც ვისმენდით, ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო არასამართლიანი და აჩვენებდა იმას, რომ ჰქონდათ მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.