ეროვნული ბანკი – ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა
ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.4%-ით, 348.3 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა კი 16.0%-ით, 39.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ცენტრალური ბანკის ცნობით, გადმორიცხული ფულადი ნაკადების ზრდაში წამყვანი წვლილი რუსეთიდან მიღებულმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 25.1%-იანი ზრდით. 12.7%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილების წვლილი. ევროკავშირიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 4.8% შეადგინა.
„ივნისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 42.2%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, აშშ 19.0%-იანი წილით და რუსეთი 14.8%-იანი წილით წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (15.6%), გერმანიის (8.7%) და საბერძნეთის (7.9%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.