ნევადაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაციის ბრძანება 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო
აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ რინოსთან ახლოს, მასშტაბური ხანძრის გამო, ათობით ათას ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. დაახლოებით 42 0000მა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილის დაუყოვნებლივ დატოვების ბრძანება მიიღო, კიდევ 45 000-ს კი მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მზადყოფნაში იყვნენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარმა, რომელიც შაბათს დილით გაჩნდა, ამ დროისთვის ექვსი ადამიანი დააზიანა, აქედან 3 მეხანძრეა. ცეცხლის გავრცელებას ქარიანმა და არაპროგნოზირებადმა ამინდმა შეუწყო ხელი.
ნევადის გუბერნატორმა ჯო ლომბარდომ უოშოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნულ გვარდიას ხანძრის ქრობისა და სამართალდამცავთა ღონისძიებებში ჩართვა დაავალა. საგანგებო სიტუაციების ადგილობრივი სამსახურების ცნობით, ევაკუაციის ზონაში დაახლოებით 13 700 სახლი მოჰყვა, ხოლო იძულებით გადაადგილებული მცხოვრებლების მისაღებად ორი თავშესაფარი მოეწყო.
რინო, რომელიც დასავლეთ ნევადაში, კალიფორნიის შტატის საზღვართან ახლოს მდებარეობს, დაახლოებით 280,000 მცხოვრებს ითვლის.