პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გამოყენების სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით.

მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და მათი გადამუშავება მხოლოდ ცხოველის საკვების წარმოების მიზნით. აღნიშნული საქმიანობა სავალდებულო ლიცენზირებას დაექვემდებარება. ცვლილების თანახმად, შესაბამისი ლიცენზია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულ იმ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე გაიცემა, რომლებიც ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში არის რეგისტრირებული. ამასთან, კვლავ დაუშვებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.

აღნიშნული საქმიანობა სახელმწიფო ზედამხედველობას დაექვემდებარება, რაც მკაცრი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს ცხოველის საკვების წარმოების მიზნით ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე.

პარლამენტმა წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო.