მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი

მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი

სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ "ყველა სიტყვას ხელს აწერს", რაც მაშინ თქვა.

მისი თქმით, როცა კვარაცხელია გალანძღა, მაშინ საზოგადოება ფეხბურთელს სახეზე ვერ ცნობდა. აღნიშნული კომენტარი, კლდიაშვილმა, ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის ფეისბუქ-პოსტზე დაწერა, რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი მიიჩნია ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების ფაქტორად: "პუტინს რომ ის საზარელი ომი არ დაეწყო, კაცმა არ იცის კიდევ რამდენი წელი ჩარჩებოდა ხვიჩა რუსეთში, ... იმ ომის გარეშე ჯერ სავარაუდოდ ევროპული ტიტული არც ექნებოდა, ორ ჩემპიონთა ლიგაზე ზედმეტია ლაპარაკი."

"დათო, ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს არავინ შეწუხებულა ჩემი ბულინგით, იმით, რაც ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა. სხვების “უფლებადამცველებიც” მაგ ნაკადში იყვნენ სხვათა შორის, ღირსი რომ ვიყავი, რაც ხდებოდა. დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი. ეს, თუ ვინმემ არ იცის, ხვიჩა კვარაცხელიას სახეზე ვერ ცნობდნენ და მამუკა ჯუღელისგან ვერ განარჩევდნენ, იმ დროს, როცა ეგ გადაცემა ჩაიწერა. ეს ბატონი ვინაა, ვისაც ჰგონია, რომ მე მენტალური პრობლემები მაქვს, გონში არ ვარ და არც მაინტერესებს. შენ რატომ მოგაბრალა ეგ ნარატივი, რომ მე მენტალურად პრობლემური გგონივარ, მე არ ამომიკითხავს. დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ მენტალურად არამდგრადს რომ არ მიცნობ, კი იცი. ისე, ძაან კაი გოგო ვარ, ამ ხალხმა კი არ იცის, მარა შენ კი იცი და რასაც ვლაპარაკობ, ზუსტად ვიცი, რასაც," - წერს მაგდა კლდიაშვილი.

აღნიშნული თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იუთუბერმა გიორგი კალატოზმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მაგდა კლდიაშვილის ნათქვამში, "რაღაცები მართალი იყო."