საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად და მხარი დაუჭირა მათ პლენარულ სხდომაზე გატანას.

კანონპროექტი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ წარადგინა.

წარმოდგენილი პროექტით, ცვლილებები შედის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, აუდიტორული უფლებამოსილებების განხორციელებისა და სამსახურის შიდა მმართველობის მარეგულირებელ ნორმებში. კერძოდ, ზუსტდება ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ცნებები, ასევე აუდიტის ობიექტის განმარტება.

კანონპროექტით შემოდის საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი, რომლის მიზანი სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფაა. ფართოვდება გენერალური აუდიტორის ორგანიზაციული უფლებამოსილებები, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, სამსახურის გავლის წესის, შრომითი ურთიერთობებისა და შიდა სამართლებრივი აქტების განსაზღვრის მიმართულებით. ასევე, ახლებურად წესრიგდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის ფუნქციები და განისაზღვრება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სტატუსი.

გარდა ამისა, პროექტით ზუსტდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც აუდიტი ვრცელდება და სამსახურს უფლებამოსილება ენიჭება, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმებით, ელექტრონული მონაცემთა ბაზებით ისარგებლოს.