ბათუმში გამართულ ქვიშის ჭიდაობის მსოფლიოს სერიების მესამე ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს
ისტორიაში პირველად ბათუმმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიების მესამე ეტაპს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ეტაპზე ასპარეზობა ოთხი - ერთ ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედლით დაასრულა.
ჩემპიონობა ლუკა ჩხიტუნიძემ (80 კგ) იზეიმა, ქართველმა სპორტსმენმა წელს სამივე სერიაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები კი დავით ფარტენაძემ (70 კგ), ევსემი შველიძემ (90კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) მოიპოვეს.
მსოფლიოს სერიების მესამე ეტაპზე 22 ქვეყნის 100-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები ვაჟთა და ქალთა შორის ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ასევე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით განხორციელდა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს