სპორტის მინისტრის მოადგილე კორეელ რეჟისორს შეხვდა
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ კორეელ რეჟისორ პარკ დონგ ჰის შეხვდა. რეჟისორი საქართველოს Netflix Korea-ს ახალი პროექტის „Strong Fellas" ფარგლებში ესტუმრა.
პროექტი რამდენიმესეზონიან გასართობ-სპორტულ საერთაშორისო პროგრამას ითვალისწინებს და მისი მიზანია ტრადიციული სპორტის სახეობების პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში საქართველოში კორეელი სპორტსმენები იმყოფებიან, რომლებიც ქართულ ჭიდაობას, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტრადიციულ სპორტის სახეობას, ეცნობიან. საქართველოს შესახებ გადაცემაში ნაჩვენები იქნება ქართველ და კორეელ სპორტსმენთა ერთობლივი მომზადების პროცესი.
პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც კულტურულად საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, პოპულარიზაცია კორეაში.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ბაქრაძე და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ხუბულური ესწრებოდნენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს