ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ისრაელის ელჩს უმასპინძლა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ისრაელის ელჩს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას უმასპინძლა.

ელჩი ტექნოლოგური ჰაბის საქმიანობასა და არსებულ ეკოსისტემას გაეცნო, რომლის მიზანი ინოვაციების, სტარტაპებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა. ასევე დაათვალიერა რეგიონში უნიკალური სასწავლო-შემეცნებითი და ტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც აერთიანებს როგორც სამუზეუმო, ისე სასწავლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ და ინტერაქციულ მუზეუმს, რომელიც ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ტექნოპარკს, რომელიც სტარტაპებს იდეების განვითარებისა და ბიზნესის შექმნისთვის საჭირო გარემოსა და რესურსებს სთავაზობს. ისრაელის ელჩი ასევე გაეცნო TUMO ქუთაისის საქმიანობას, სადაც 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, 11 სხვადასხვა მიმართულებით უფასოდ დაეუფლონ თანამედროვე ციფრულ და შემოქმედებით ტექნოლოგიებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, ისრაელის მაღალტექნოლოგიური კომპანიებისა და დარგის წამყვანი სპიკერების საქართველოში მოწვევის შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.