გიგა ფარულავა გიორგი გვარაკიძეს: თქვენ ხართ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გენერალური პროკურორი, რომელიც ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს ასამართლებს ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმისთვის
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გენერალური პროკურორი, რომელიც ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს ასამართლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმის გამო.
"დღეს, სამწუხაროდ, გვქონდა ზოგადი საუბრები. ასევე, ზოგადი პასუხები კონკრეტულ კითხვებზე. დღეს საქართველოს წინაშე დგას მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური კრიზისი. თქვენ ხართ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გენერალური პროკურორი, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასამართლებს ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმისთვის.
პოლიტიკური შეკვეთით წაუყენეთ ბრალი გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე. დაგვისახლეთ ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გახარიამ ვინმეს ჯანმრთელობის დაზიანება დააორგანიზა," - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
ცნობისთვის, პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა დასრულდა. გიორგი გვარაკიძემ დეპუტატებს უწყების საქმიანობის ვრცელი ანგარიში გააცნო. გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებული გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ნარკოპოლიტიკას, ტერორიზმსა და პირადი ცხოვრების ხელყოფას. დარბაზში დაისვა კითხვები. გიორგი გვარაკიძის მოსმენა კი ფრაქციების შემაჯამებელი გამოსვლებით დასრულდა.