ლევან მახაშვილი: თუკი რომელიმე კანონის უცხოურ კანონთან ასოცირება არის გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედ ევროპული კანონი
ლევან მახაშვილი სლოვენიაში უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების ორგანიზების აკრძალვის ინიციატივას გამოეხმაურა. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კამპანია ქართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ხელოვნურად იყო აგორებული და მიზნად ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას ისახავდა.
„ჩვენთვის ეს ღიმილისმომგვრელიც აღარ არის. როდესაც ქვეყნები ხედავენ, რომ მათი საზოგადოებები გარკვეული პრობლემის წინაშე დგანან - საუბარია უცხოურ ჩარევებზე, ისინი იღებენ ნორმალურ, ცივილურ, ლოგიკურ გადაწყვეტილებებს - ამკაცრებენ კანონმდებლობას და არეგულირებენ საკუთარ კანონმდებლობას. ეს იყო სწორედ, რაც საქართველომ თავის დროზე გააკეთა, თუმცა შემდგომი რეაქციები და ევროპული სახელმწიფოების დღევანდელი გადაწყვეტილებები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო ხელოვნურად ორკესტრირებული და წარმართული პროცესი, რომლის მიზანიც საქართველოს რეპუტაციის დაზიანება იყო. თუკი რომელიმე კანონის უცხოურ კანონთან ასოცირება არის გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედ ევროპული კანონი“, - აცხადებს მახაშვილი.
სლოვენიაში უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების ორგანიზების აკრძალვას ითხოვენ. შეზღუდვა იმ ორგანიზაციებს შეეხება, რომლებმაც კენჭისყრამდე ხუთი წლის განმავლობაში უცხოური დაფინანსება მიიღეს. კანონპროექტი მმართველი დემოკრატიული პარტიის წევრმა ზვონკო ჩერნაჩმა წარადგინა. მისი თქმით, ცვლილების მიზანი კამპანიების გამჭვირვალობის გაზრდა და კენჭისყრაზე უცხოური გავლენის შეზღუდვაა.



