საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საზღვაო სფეროში არსებული თანამშრომლობა, განხორციელებული ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს საპორტო სექტორის განვითარების ძირითადი მიმართულებები, არსებული შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სტრატეგიულ როლს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში, მზარდი ტვირთნაკადების ეფექტიან მომსახურებასა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. აღინიშნა, რომ საქართველოს საპორტო სექტორი ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია და ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობა იყო. მხარეებმა განიხილეს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (Maritime Single Window – MSW) განვითარების, სანავსადგურე პროცედურების გაციფრულების, მონაცემთა ელექტრონული გაცვლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები. ხაზი გაესვა აღნიშნულ პროცესებში ამერიკული მხარის მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს საზღვაო სექტორის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებთან ინტეგრაციის გაძლიერებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო უსაფრთხოებისა და ნავსადგურების უშიშროების მიმართულებით თანამშრომლობას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის სანაპირო დაცვის (US Coast Guard) თანამშრომლობა, მათ შორის ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების (ISPS Code) დანერგვისა და შეფასების მიმართულებით. აღინიშნა ამერიკული მხარის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის სპეციალისტთა პროფესიული მომზადებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტსაც, რომელიც საქართველოს საპორტო სექტორის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინიციატივაა. აღინიშნა, რომ ანაკლიის ნავსადგური მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს და გააძლიერებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანზიტო და ლოგისტიკურ ქსელებში.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საზღვაო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. გამოითქვა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების, ნავსადგურების უშიშროების, ციფრული სერვისებისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაც მოინახულეს. სტუმრები გაეცნენ მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერეს აკადემიის სასწავლო ინფრასტრუქტურა და საზღვაო განათლების პროცესში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობა.

დელეგაციის წევრებმა თანამედროვე სასწავლო სიმულატორები დაათვალიერეს, მათ შორის სანავიგაციო ხიდურის, ტვირთოპერაციებისა და გემის მდგრადობის, აგრეთვე სამანქანე განყოფილების სიმულატორები. აღინიშნა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეზღვაურთა პრაქტიკულ მომზადებაში, პროფესიული უნარების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო განათლების უზრუნველყოფაში“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.