კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო

კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.

როგორც მან შესაბამისიკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ საკითხი ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი შესაბამის უწყებაში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ყველა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მხრიდან შესყიდვისა და ტენდერის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი კი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი არ არის.

„გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო ყველაფერი განხორციელებული და ტენდერი გამოცხადებული. ეს ცოტა სპეციფიკური და განსხვავებული საქმიანობაა. არსებული მეტროს ვაგონები რუსული წარმოშობისაა, საბჭოთა კავშირის დროინდელი. შესაბამისად, იმ დეტალების მოძიება და შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა. ამიტომ თუ ვიღაც საქართველოს გარეთ საბუთებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? მიუხედავად ამისა, გამოძიება დაწყებულია ჩვენ მიერ გადაგზავნილ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოება მის შედეგებს უნდა დაელოდოს.

„მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია მერიას, მაგალითად, სწორად გამოაცხადოს ტენდერი, სწორი იყოს სატენდერო პროცედურები, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი არის გაკეთებული კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.