რუსუდან კოხოძე: პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებისას გარკვეული კატეგორიის პირები სრულად თავისუფლდებიან გადასახადისგან
„სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მუდმივად ცდილობს, რომ გარკვეული შეღავათებით ისარგებლოს შესაბამისი კატეგორიის მოსახლეობამ, ვისთვისაც შესაძლოა ეს იყოს გარკვეული გამოწვევა“, - ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“.
მან გადაცემაში პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების პროცედურებსა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომლითაც გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები სარგებლობენ ID ბარათის აღებისას.
„არის გარკვეული კატეგორია, ვინც სრულად თავისუფლდება გადასახადისგან, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 არ აღემატება, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი პირები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე პირები. მაგრამ არის კატეგორია, რომელიც საფასურისგან 50 პროცენტით თავისუფლდება, მაგალითად, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. გარკვეული შეღავათით სარგებლობენ აგრეთვე სტუდენტები. მათ შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავტომატურად იღებს სახელმწიფო უწყებების ბაზებიდან, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ.



