ნიკოლ ფაშინიანი: თუ სომხეთის მოსახლეობა ახალ კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერს, გადავდგები

ნიკოლ ფაშინიანი: თუ სომხეთის მოსახლეობა ახალ კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერს, გადავდგები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის შესახებ დაგეგმილ რეფერენდუმზე დოკუმენტის უარყოფის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს.

ამასთან, მისი თქმით, თუ მოსახლეობა ახალ კონსტიტუციას მხარს დაუჭერს, ის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ იქნება.

როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანმა აღნიშნული წინადადებით ოპოზიციას 19 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე მიმართა, სადაც ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესზე ისაუბრა.

„ოპოზიციას ვთავაზობ: მოდით, რეფერენდუმი ჩავატაროთ. თუ ხალხი კონსტიტუციას უარყოფს, მე გადავდგები. თუ ხალხი კონსტიტუციას მხარს დაუჭერს, მომდევნო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ მან წინა დღეს პარლამენტში ნაწილობრივ ისაუბრა, ახლა კი სურს, საკუთარი წინადადება მკაფიოდ ჩამოაყალიბოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის წინასწარი პროექტი მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. ფაშინიანის თქმით, დოკუმენტი შემდგომ დახვეწას საჭიროებს, თუმცა მასში ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ჩარჩო უნდა შენარჩუნდეს.

„კონსტიტუციის პროექტი აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიის ფარგლებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.