ანა წითლიძე: „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მითები, ტყუილები და ბინძური პროპაგანდა მის მიერვე მართულ საკონსტიტუციო სასამართლოში თავზე ჩამოეშალა

ანა წითლიძე: „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მითები, ტყუილები და ბინძური პროპაგანდა მის მიერვე მართულ საკონსტიტუციო სასამართლოში თავზე ჩამოეშალა

საკონსტიტუციო სასამართლომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს არ მოგვცა უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ჩაგვეტარებინა ბრიფინგი საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მთელ ამ პროცესში არის მხარე და არა ობიექტური არბიტრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიციურ ყაზარმად გადააქცია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მე-18 სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს, „ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან. საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთ მტკიცებულებად მიღებული წულუკიანის კომისიის დასკვნა როგორც აკინძული ასავალ-დასავალი გაცამტვერდა. პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ წულუკიანის აკინძული ასავალ-დასავალი, ანუ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც გვხვდება ისტორიები ფანტასტიკის ჟანრიდან, თავად საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც კი არ არის სარწმუნო და მიგვითითა, გვეხელმძღვანელა საკონსტიტუციო სარჩელით. საკონსტიტუციო სარჩელში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებიდან გაბათილდა 2008 წლის ომის ნაწილში „ქართული ოცნების“ 14-წლიანი ბინძური პროპაგანდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ისინი არ ადანაშაულებენ არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებაში. ეს საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, გაბათილდა და ტყუილი აღმოჩნდა ბრალდება „ისკანდერთან“ დაკავშირებით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ და მაშინდელმა სახელმწიფომ „ისკანდერი“ მოიპარა.

„აღმოჩნდა, რომ „ისკანდერი“ შესაბამისი ექსპერტიზისთვის გადაცემული ჰქონდა სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს ექსპერტიზა იქნა შემდეგ სწორედ გამოყენებული ჰააგის სასამართლოში საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის წინააღმდეგ. გაბათილდა და ტყუილი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ბრალდებები კასეტურ ბომბებთან დაკავშირებით. გაბათილდა და ტყუილი აღმოჩნდა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა. კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია და გაბათილდა, ეხება სასამართლო ხელისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნება“ ჩვენ გვედავებოდა, რომ სასამართლო ხელისუფლების მორჩილებას საფუძველი ჩაუყარა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს მოსამართლეების დამაზუსტებელი კითხვებუს შემდეგ ეს ბრალდებაც გაბათილდა და „ქართულმა ოცნებამ“ ამ ბრალდებაზე უარი თქვა“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში ე.წ. სისტემური დანაშაულებების ნაწილში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წარმოდგენილი იყო 26 საქმე.

„26 საქმიდან ტყუილია და გაბათილდა ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეები, ასევე ტყუილია და გაბათილდა ნიკა გელაშვილის, გიორგი გაბუნიას, გიორგი გამცემლიძის საქმეები. ხელახლა გამოიძიეს, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ლიდერს. არ არსებობს ბრალი და გაბათილდა ყინწვისის სპეცოპერაცია, ზილის სპეცოპერაცია, ვეტერანების ძალადობის საქმე, აფრასიძეების საქმე. გაბათილდა და ტყუილი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ბრალდება ლაფანყურის სპეცოპერაციაზე. არ არსებობს ბრალი და ხელახლა საქმეც კი არ აღძრულა „ქართული ოცნების“ პირობებში. სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინა 2013 წლის „ქართული ოცნების“ პირობებში ჩატარებული გვამის ექსგუმაციის ექსპერტიზა, „ქართული ოცნების“ პირობებშივე გაკეთებული, ხაზს ვუსვამ, სადაც არ დასტურდება „ქართული ოცნების“ ტყუილი თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თეთრაძის საქმეზე ერთადერთი მოწმე რუსეთის მიერ დაჯილდოვებული ვლადიმერ ბედუკაძეა. როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით, ამ საქმის გამომძიებელი რესან კონცელიძე და პროკურორი ვასილ როინიშვილი, ორივე, ერთი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, მეორე „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ლიდერია. ამ კითხვის მოხსნამ სასამართლოს მხრიდან თავისთავად პასუხი გასცა კითხვას. ჯამში, 26 საქმიდან 19 საქმე არის გაბათილებული და ტყუილი, დარჩენილ შვიდ საქმეზე, სადაც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარია, ვერც ერთ შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაასაბუთა მისი კავშირი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასევე საკონსტიტუციო სარჩელში წარდგენილი საკუთრების უფლების დარღვევაზე გაბათილდა ბრალდებები. 70 საქმიდან, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“, 59 საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს და არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი და ნათელია, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მითები, ტყუილები და ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოეშალა მისსავე მართულ საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ანა წითლიძემ.