ევროპარლამენტის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის დაფინანსების გამჭვირვალობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლობირების რეგულირების მიზნით 23 რეკომენდაცია დაამტკიცა
ევროპარლამენტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის დაფინანსების საკითხს სწავლობს, საბოლოო ანგარიში და 23 რეკომენდაცია დაამტკიცა. ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ევროპარლამენტის ჯგუფი იუწყება.
რეკომენდაციები მიზნად ისახავს ევროკავშირის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების გამჭვირვალობის გაზრდას, ევროკავშირის დაფინანსებით ლობირების შეზღუდვასა და საგრანტო ხელშეკრულებების კონტროლის გამკაცრებას.
ანგარიშის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ევროპარლამენტარმა დირკ გოტინკმა განაცხადა, რომ გამოძიებამ დაადასტურა, ევროკომისია აფინანსებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში საკანონმდებლო პროცესებზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად. მისი შეფასებით, ეს ინსტიტუტებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის მიუღებელ აღრევას იწვევდა.
გოტინკის თქმით, უკვე გატარებული მაკორექტირებელი ზომების გარდა, სამუშაო ჯგუფი 23 კონკრეტულ რეკომენდაციას სთავაზობს. მათ შორისაა ევროკავშირის სახსრებით ლობირების აკრძალვა, დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება, საგრანტო ხელშეკრულებების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და დადასტურებული დარღვევებისთვის ეფექტიანი სანქციების დაწესება.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და „ევროპის სახალხო პარტია“ მას ყოველთვის უჭერდა მხარს, თუმცა ევროკავშირის დაფინანსების გამოყენებისას მკაფიო წესებიც აუცილებელია“, - განაცხადა გოტინკმა.
მისი თქმით, ანგარიში ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია და „ევროპის სახალხო პარტია“ მომდევნო თვეებსა და წლებში შესაბამისი კანონმდებლობისა და ბიუჯეტის განხილვისას მისი რეკომენდაციების განხორციელებაზე იმუშავებს.



