უეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად

უეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად

უეფას განცხადებით, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის შესახებ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა.

როგორც უეფა განმარტავს, მატჩის ორგანიზება და სტადიონის უსაფრთხოება მის პასუხისმგებლობაში არ შედიოდა და სტადიონზე ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებები ადგილობრივმა უწყებებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეს.

უეფას ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების შესაჩერებლად ჩაერია.

„ისევე როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, გამონაკლისი არც დღევანდელი საღამო ყოფილა: უეფა არ წარმოადგენდა მატჩის ორგანიზატორს, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ ჰქონდა კონტროლი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათივე პასუხისმგებლობისა და იურისდიქციის ფარგლებში. ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ხელთ არსებული ცნობებით, ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“, - აღნიშნულია უეფას განცხადებაში.

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 26 ნოემბერს მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველების მიერ დაკავებული იყო 16 ადამიანი, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი.