ზურაბ რურუა: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ქმედებები ადეკვატურად აღკვეთა, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა, აგენტურაა, რომელსაც ეროვნულობა არ გააჩნია
ბათუმში, გულშემატკივრების ნაწილი იყო აგრესიული, უკანონობას სჩადიოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედებები სწორად და ადეკვატურად აღკვეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ რურუამ განაცხადა.
მისი თქმით, სპორტში მსგავსი ფაქტები არაერთ ქვეყანაში უოფილა.
„მნიშვნელოვანია, აღნიშნული ქმედება სწორად შევაფასოთ, სპორტში ასეთი ფაქტები არაერთ ქვეყანაში გვინახავს. პოლიტიკურ ჭრილში ამის გადატანა არასწორი და არალოგიკურია. საკითხი ოპოზიციის მხრიდანაც სპეკულაციის საგანი გახდა, თუმცა საზოგადოება სწორად შეაფასებს. ამ შემთხვევას არანაირი პოლიტიკური ჭრილი არ სჭირდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მცდელობაა, ნებისმიერი ქმედება დააკნინონ, გინდა ხელისუფლების და გინდა სპორტის მიმართ. ჩვეულებრივი აგენტურაა, რომელიც არაქართული ნარატივებით აზროვნებს, ეროვნულობა არ გააჩნიათ, რაც დამღუპველია. ამ ადამიანებს სურთ, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ. აღნიშნული პოლიტიკოსები ჩვეულებრივი დაქირავებული აგენტები არიან, რომლებსც უნდათ, პოლიტიკური ველი შექმნან და ნაკარნახევი დავალებები გააჟღერონ, რომ დუღილის ტემპერატურა ასწიონ“, – განაცხადა ზურაბ რურუამ.



