გივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად, ნომერი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მან აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის შედეგად მოხერხდა.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს. ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, ჩვენი მონაწილეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას საგამონაკლისო წესით, უკვე წელსვე შეძლებენ. ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხებათ, მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ”, - განაცხადა მინისტრმა.



