პაატა სალია – ხოშტარიას ყველა მომსახურება გაეწია, სპეკულაციაა, თითქოს ექიმი ვერ ახერხებს შესვლას, მათი მხრიდან ვერ მოხდა დაწესებულებაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტების მოწოდება

პაატა სალია – ხოშტარიას ყველა მომსახურება გაეწია, სპეკულაციაა, თითქოს ექიმი ვერ ახერხებს შესვლას, მათი მხრიდან ვერ მოხდა დაწესებულებაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტების მოწოდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია.

მისივე თქმით, სპეკულაციაა, თითქოს კონკრეტული ექიმი ვერ ახერხებს ელენე ხოშტარიას მონახულებას. როგორც პაატა სალიამ განმარტა, პენიტენციურ სამსახურს დაწესებულებაში შესვლისთვის შესაბამისი დოკუმენტები ვერ მიაწოდეს და ამიტომ ვერ მოხერხდა ექიმის სესვლა.

„პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მიეწოდებოდა სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იყო, თუმცა ყოველ ჯერზე მცდელობაა სპეკულაციების და ყოველ ჯერზე გვიწევს, დასაბუთებულად გავცეთ პასუხი, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა.

სპეკულაციაა, თითქოს ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. იცით, რატომ ვერ ახერხებს ექიმი შესვლას? პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის ასლი და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვერ მიაწოდეს. ეს არის ყველაფერი. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და გამოხატავს, რომ როგორც კი ეს დოკუმენტაცია მიწოდებული იქნება, ექიმი შეძლებს შესვლას და ხოშტარიას მონახულებას.

არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მსჯავრდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლობა ყოფილიყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის და ეს არ მომხდარიყო. ანალოგიურად, ხოშტარიასაც გაეწია ყველა მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია, უბრალოდ, მათი მხრიდან ვერ მოხდა დოკუმენტების მოწოდება. მოგეხსენებათ, პენიტენციურ დაწესებულებებში თავისუფლად ვერავინ შევა.

საბედნიეროდ, გამოირიცხა დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა. როგორც სამედიცინო პერსონალისგან ვიცით, მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები. რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის. პენიტენციურ დაწესებულებაში მოიტანონ დოკუმენტები და შებრძანდეს ექიმი. შემდეგ გვეცოდინება, რა მდგომარეობაა კონკრეტული მიმართულებით“, – განაცხადა პაატა სალიამ.