გიორგი შარაშიძე – თავმჯდომარე ვინც არ უნდა გახდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, საქართველოს წინაშე მათი დანაშაული გაქრება? დაამტკიცეს, რომ ეს პარტია ზნეს არ იცვლის
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მისთვის საინტერესო და აქტუალური არ არის.
შარაშიძის თქმით, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საქართველოს წინაშე ამ პარტიის დანაშაული არ გაქრება.
„ნანუკა ჟორჟოლიანი კი არა, ვინც არ უნდა გახდეს ამ პარტიის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობა“ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. რა მნიშვნელობა აქვს, პარტიაში წინ ახალგაზრდებს წამოწევენ, თუ ძველგაზრდებს, საქართველოს წინაშე მათი დანაშაული გაქრება, თუ სადმე წავა? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ პარტიის თავმჯდომარე ვინ გახდება. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს და ფერს არ იცვლის. არაფორმალური მმართველობის გამოხატვა ის არ არის, რაც ამ პარტიაში ხდება? „ოცნების“ არაფორმალურ მმართველობაზე რომ ვსაუბრობთ – და ყველამ იცის, მათი არაფორმალური მმართველი ვინ არის – „ნაცმოძრაობა“ ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს, ოპოზიციაში არიან, ხალხს არაფორმალურ მმართველობას აჩვენებენ და ხელისუფლებაში რას იზამენ? ეს ყველაფერი კარგი პროცესი და ტესტია ამომრჩევლისთვის, რომელიც ჩამოყალიბდება და მომავალში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.